2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა _ კანონპროექტი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და თანმდევი კანონპროექტები რამდენიმე კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ საქართველოს პარლამენტში განიხილება. ამ ახალი სამინისტროს შექმნის პარალელურად, უქმდება რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და იგეგმება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რეორგანიზაცია. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს გამოეყოფა ტრანსპორტის სფერო, რომლის რეგულირება ახალი სამინისტროს უფლებამოსილება იქნება.
_ ხელისუფლებამ არაერთხელ გაახმოვანა გადაწყვეტილება და კეთილი ნება საქართველოს რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით. ამასვე ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინათ გაკეთებული განცხადება, რაც შეიძლება მეტი მექანიზმი და ბერკეტი მიეცეს თვითმმართველობას, რათა მან რეალურად შეძლოს მის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტა. ასე რომ, აღარ მოხდება ასე თავკომბალას ფორმით ამ ქვეყნის განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მინისტრის პორტფელის შექმნა, რომელიც ამ პროცესს ერთიან კოორდინაციას გაუწევს, _ განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომაზე 20 ნოემბერს, სადაც პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი ახალი სამინისტროს დაფუძნების თაობაზე. _ ეს იქნება, ფაქტობრივად, ხმა რეგიონებისა საქართველოს მთავრობაში, რათა ცენტრალურ ხელისუფლებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია რეგიონების საჭიროებასთან დაკავშირებით და მიიღოს ეფექტიანი გადაწყვეტილებები მათი დახმარების კუთხით, _ აღნიშნა გიორგი ხუროშვილმა.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში გადადის რამდენიმე უწყება –ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რეორგანიზაციის და რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ხარჯზე. ამ აპარატის ფუნქციები მთლიანად ახალ სამინისტროს გადაეცემა, ხოლო ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან მას დაექვემდებარება სატრანსპორტო ადმინისტრირება, გზების დეპარტამენტი და, აგრეთვე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ცალკე დეპარტამენტის ფორმით არსებული მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა.
გიორგი ხუროშვილის თქმით, პარლამენტში განხილვისას გამოითქვა წინადადებები ახალი სამინისტროსთვის კიდევ რამდენიმე დამატებითი ფუნქციის გადაცემის თაობაზე.
_ ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები და არ გამოვრიცხავ, რომ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე პარლამენტის მხრიდან ინიცირებული კიდევ რამდენიმე ფუნქციის გადაცემის წინადადება გავიზიაროთ, _ აღნიშნა ხუროშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოფიციალურად 2009 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. მინისტრის პორტფელს, როგორც ცნობილია, სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი ჩაიბარებს.